ნილოსის ნობათი



ჩვენ სახელმწიფოთა ისტორიის თხრობას ძველი ეგვიპტით ვიწყებთ მიტომ, რომ სწორედ ეგვიპტელებმა ჩამოაყალიბეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელწიფო. აფრიკის რუკას თუ დავხედავთ, მის უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთში დავინახავთ სახელმწიფოს, რომელსაც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა ჰქვია. მა შუაზე კვეთს მსოფლიოს ყველაზე დიდი მდინარე ნილოსი.
თანამედროვე ჩრდილო აფრიკის კლიმატი ძალზე მშრალია. მისი უდიდესი ნაწილი მსოფლიოს ყველაზე დიდ უდაბნოს, საჰარას უჭირავს. როდესაც დედამიწაზე ხელახლა დაიწყო დათბობა, ეს მიწები ტრამალებსა და სავანას ეკავა. წყალუხვი მდინარის ნაპირზე მრავლად სახლობდნენ ცხოველები და პირველყოფილი ადამიანები. ხალხი ჩვეულებრივ შემგროვებლობითა და ნადირობით ირჩენდა თავს.
შუა დინებაზე ნილოსი ჭორომებს ქმნიდა , ელფანტინის კუნძულის ქვემოთ კი ვიწრო ხეობაში ექცეოდა, ეს კუნძული წარმოადგენდა ეგვიპტის სამხრეთ საზღვარს. ქალაქ მემფისის ქვემოთ მდინარე ფართო ვაკეზე გადიოდა და შვიდ ტოტად დაყოფილი ჩაერთვოდა ზღვას. განშტოება ძალიან წააგავდა ბერძნულ ასო დელტას, ამიტომ უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა „ნილოსის დელტა“ . უხსოვარი დროიდან, ელეფანტინის კუნძულიდან დელტამდე ტერიტორიას სამხრეთ ანუ ზემო ეგვიპტეს უწოდებდნენ, ხოლო დელტას კი ჩრდილო ანუ ქვემო ეგვიპტეს.
შუა ზაფხულში ნილოსზე წყალდიდობის სეზონი დგება, მდინარე კალაპოტიდან გადმოდის და ფარავს ნაპირების მიმდებარე ტერიტორიებს, წყალდიდობა ივლისიდან იწყება და ოქტომბერ-ნოემბერში მთავრდება. მდინარის კალაპოტში დაბრუნების შემდეგ ლამით განაყოფიერებული მდინარის ხეობის მიწა შავი ფერისა იყო და აშკარად განსხვავდებოდა უდაბნოს ფერისგან, ამიტომ უწოდეს ეგვიპტელებმა თავიანთ სამშობლოს „კემე“, ანუ „შავი ქვეყანა“, ხოლო მომიჯნავე უდაბნოს კი- „წითელი ქვეყანა“.

This entry was posted in წინარეისტორია. Bookmark the permalink.