დიდი სფინქსი



ხეოფსის პირამიდის მახლობლად ქვიშიდან ამოზიდულ კლდეში ეგვიპტელმა ოსტატებმა ფარაონისთავიანი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა გამოკვეთეს. ეს სახელგანთქმული დიდი სფინქსია – ფარაონის ღვთაებრივი წარმოშობისა და ძლიერების სიმბოლო. სფინქსის სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრს აღემატება.
დღესაც დგას ძველეგვიპტური სკულპტურის შესანიშნავი ნიმუში, 45 საუკუნის ისტორიულ ქარტეხილთა უტყვი მოწმე, ჟამთა უკუღმართობით დამხინჯებული, მაგრამ ამაყი და შეუდრეკელი დიდი სფინქსი.

Posted in წინარეისტორია | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დიდი სფინქსი

მუმიები



ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ადამიანის სული მუდმივ სამყოფელში გარდასული ადამიანის მხოლოდ კარგად შენახულ სხეულში დაბრუნდებოდა. ასე წარმოიშვა ძველ ეგვიპტეში გარდაცვლილი ადამიანის გვამის მუმიად ქცევის იდეა. მუმიფიცირება მეტად რთული და ძვირადღირებული პროცესი იყო. ამის გამო, მუმიის გაკეთება მხოლოდ ფარაონსა და შეძლებულ ოჯეხებს შეეძლოთ
მუმიას ქვის კუბოში-სარკოფაგში ჩაასვენებდნენ და პირამიდაში ათავსებდნენ.
მუდმივ სამყოფელში გარდასულ ფარაონს „ცხოვრების“ შესატყვისი პირობებიც სჭირდებოდა. ამიტომ ეგვიპტელები ფარაონთა ძვალშესალაგს ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო და ფუფუნების საგნებით ათავსებდნენ. ამის შემდეგ მშენებლები პირამიდაში შესასვლელს ქვებით ისე ოსტატურად ამოაშენებდნენ, რომ მისი პოვნა უცხო თვალისთვის სეუძლებელი იყო.

Posted in წინარეისტორია | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მუმიები

მსოფლიოს პირველი საოცრებანი


რ.შ-მდე XXVIII საუკუნიდან ეგვიპტეში დაიწყო ფარაონებისათვის განკუთვნილი ძვალშესალაგის-პირამიდების მშენებლობა. პირველი პირამიდა, რომელიც ფარაონ ჯოსერს ეკუთვნოდა, საფეხუროვანი ფორმის იყო. მისი სიმაღლე სამოც მეტრს აღემატებოდა. დროთა განმავლობაში საფეხუროვანი ფორმა მოპირკეთებულმა, სწორმა ფორმამ შეცვალა.
ჩვენამდე მოღწეულ ასამდე პირამიდას შორის თავისი სიდიადით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ქრ.შ-მდე XXVI საუკუნეში აშენდა.
პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევდა (ამჟამად დარჩენილია 136 მ.) თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. პირამიდას ირგვლივ , რომ შემოუაროთ, დაახლოებით, ერთი კილომეტრი უნდა გაიაროთ. მის მშენებლობაზე 2 300 000 ლოდი დაიხარჩა. თითოეული მათგანი ორ ტონაზე მეტს იწონიდა. ძველი ეგვიპტელები ლოდების დასამაგრებლად არავითარ დუღაბს არ იყენებდენენ. ისინი ისე მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის დანის წვერსაც კი ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდის მშენებლობა ოც წელს გაგრძელდა . 100 ათასი მუშა-მშენებელი ყოველ სამ თვეში ცვლიდა ერთმანეთს.
ეგვიპტის პირამიდები დღესაც არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად მიიჩნევა. ფარაონთა პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა. მათ შესახებ არაბმა მწერალმა თქვა: „ყოველივეს დედამიწაზე ეშინია დროის, მაგრამ დროს ეშინია პირამიდების“.

Posted in წინარეისტორია | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: მსოფლიოს პირველი საოცრებანი

ლეგენდა (თქმულება) მემფისის აშენების შესახებ



ძველეგვიპტური ლეგენდა გვაუწყებს, რომ ერთხელ ფარაონი მენესი ნილოსის შორიახლოს მდებარე ტბასთან მარტოდმარტო აღმოჩნდა. აქ მას დაღუპვა ელოდა, რომ არა კეთილი ნიანგი. მან კბილებით ფრთხილად აიყვანა მენესი და ნილოსის მეორე ნაპირზე, მშრალ მიწაზე დასვა. სწორედ იქ, სადაც ფეხი დადგა ფარაონმა, მისივე ბრძანებით, „მარადიული სილამაზის“ ქალაქი ანუ მენ-ფერი უნდა დაარსებულიყო. ბრძანება შესრულდა და აშენდა ქალაქი მეფისი.
ქალაქს აზვირთებული მდინარის ტალღებისაგან დაცვა სჭირდებოდა და მალე, მენესის ბრძანებით, მაღალი ჯებირები აიგო. განრისხდა ბორკილდადებული, შეურაცყოფილი მდინარე და ფარაონის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა, სამოცი წლის მენესი მეჰემოთმა გადააგდო ნილოსში, რომლის ადიდებულმა ტალღებმა მეფე დაახრჩო.

Posted in ეს საინტერესოა | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ლეგენდა (თქმულება) მემფისის აშენების შესახებ

ეგვიპტის ერთიანი სამეფოს წარმოქმნა


ეგვიპტელთა ნომები და მათი არჩეული ბელადები ერთმანეთს ხშირად ებრძოდნენ. ომების მიზეზი ნოყიერი მიწებისა და საძოვრების მიტაცება-მითვისება იყო. ნომებს შორის ომებს ხშირად ურთიერთშეთანხმებები ცვლიდა.
ქრ.შ-მდე IV ათასწლეულის ბოლოს წარმოიშვა ორი სამეფო: სამხრეთი და ჩრთილოეთი ეგვიპტე. ამ სამეფოთა მეთაურებს ფარაონი ეწოდებოდა , რაც ეგვიპტურ ენაზე „დიდ სახლს“ ნიშნავდა.
ქრ.შ-მდე 3100 წელს სამხრეთ ეგვიპტის ფარაონმა მენესმა ორი სამეფო ერთიან სახელმწიფოდ გააერთიანა. ეგვიპტის ფარაონებიც უკვე ერთიანი სამეფოს მეფედ მიიჩნევოდნენ.
ფარაონი ეგვიპტეში ღვთავებად და ღვთის შვილად მიიჩნეოდა. მის სამეფო ტიტულს „რას შვილი“ ემატებოდა . სწორედ ამიტომ , ფარაონის ბრძანებით, ქურუმები და სატაძრო მიწები ხელშეუხებელი იყო.
ფარაონი ნიშნავდა ნომარქს. ნომარქს ევალებოდა მის ტერიტორიაზე მდებარე სარწყავი სისტემის მწყობრში მოყვანა, მოსახლეობისაგან სახელმწიფო გადასახადების ახრეფა, აღრიცხვა და ჩაბარება. ძველ ეგვიპტეში ხდებოდა მოსახლეობის აღწერა. ეს ფარაონს და ვეზირს საშუალებას აძლევდა მუშახელი დაესაქმებინათ იქ, სადაც სახელმწიფოს სჭირდებოდა

Posted in წინარეისტორია | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ეგვიპტის ერთიანი სამეფოს წარმოქმნა